1748324677
პრემიერი - დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული იმ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ დავუშვებთ არავითარ პრინციპულ კომპრომისებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე

დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული იმ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ დავუშვებთ არავითარ პრინციპულ კომპრომისებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რთული გზა გაიარა, მათ შორის იყო ოთხი ომი და სისხლიანი ავტორიტარიზმის, აგენტურის მმართველობა, რომელმაც ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სუვერენიტეტი დაუბრუნა და, დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში.
„გასული 35 წელი იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, იყო ოთხი ომი - სამოქალაქო ომი, აფხაზეთში ომი, ცხინვალის რეგიონში ომი, შემდეგ კიდევ ერთი ომი 2008 წელს და ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი 20 წლის განმავლობაში გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ამის გარდა იყო სხვადასხვა ტიპის პრობლემები. თავიდან საკმაოდ მყიფე იყო ხელისუფლება, იმიტომ რომ ახალი ჩამოყალიბებული იყო და არც დასცალდა შედგომა, როდესაც მოხდა ხელისუფლების გადატრიალება 1991 წლის ბოლოს. შემდეგ იყო შევარდნაძის ხელისუფლება, იქაც იყო თავისი პრობლემები და ამის შემდეგ, 2003 წლის რევოლუციის საფუძველზე, რომელიც, სწორედ, „დიფ სთეითმა“ მოაწყო გარედან, საქართველოში ჩამოყალიბდა სისხლიანი ავტორიტარიზმი, ქვეყანამ დაკარგა სუვერენიტეტი. რეალურად, ქვეყანას ჰყავდა გარედან დანიშნული ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში და ამან უმძიმესი პრობლემები გამოიწვია. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ - ეს იყო ადამიანების მკვლელობა, წამება, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტოტალური მედია-მონოპოლია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის დაკარგვა, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელიც საქართველოში აგენტურის მმართველობამ გამოიწვია. თუმცა 2012 წლის შემდეგ, ჩვენ დავიბრუნეთ სუვერენიტეტი. თავდაპირველად, ეს სუვერენიტეტიც იყო ძალიან მყიფე და გახსოვთ პირველი 8 წელიწადი, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ გვიწევდა უამრავ კომპრომისზე წასვლა, იმის გამო, რომ უნდა გვევლო ბეწვის ხიდზე. ძალიან ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც მთლიანად გარედან იყო თავს მოხვეული „დიფ სთეითის“ მიერ. მაშინ, როდესაც იყო საუბარი დამნაშავეების დასჯაზე, პირდაპირ სახელები და გვარები იყო, რომ ეს შეგიძლია დაიჭირო, ეს არ შეგიძლია დაიჭირო. პირდაპირ გვარები ჰქონდა ჩამოწერილი მაშინ „დიფ სთეითს“ და ამას აკეთებდნენ ევროპული და ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები პირდაპირ გამოდიოდნენ ამერიკიდან და ევროპიდან და გვიკრძალავდნენ დამნაშავეების დასჯას.
ასევე იყო კოალიცია და ამ კოალიციაში დიდი დოზით იყვნენ წარმოდგენილები „დიფ სთეითის“ აგენტურა. ასე გამოვიარეთ პირველი ოთხი წელი, შემდეგ ასევე რთული იყო მომდევნო 4 წელი და, საბოლოო ჯამში, ბოლო 4 წელი იყო გადამწყვეტი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს იყო საკვანძო ფაზა ამ ბრძოლაში და ჩვენ მოვახერხეთ, თვისებრივად, სუვერენიტეტის მოპოვება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, ხედავთ, რომ ვართ ნამდვილად დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, დამოუკიდებლად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული ამ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. პატარა ქვეყანა ვართ და, რა თქმა უნდა, ანგარიშის გაწევაც მოგვიწევს ბევრი რამისთვის, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული რაიმე პრინციპული კომპრომისები, პირველ რიგში, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე,“- აღნიშნა პრემიერმა.