პრემიერი დელეგაციასთან ერთად სტიქიის ზონაში, ანტაქიაში ჩავა, სადაც ქართველი მაშველები იმყოფებიან

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტი თურქეთში გრძელდება . ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად დღეს სტიქიის ზონაში, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში ჩავა, სადაც ქართველი მაშველები იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრს ადგილზე ექნება შეხვედრები როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მოინახულებს აფადის ცენტრს, რომელიც წარმოადგენს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანკარაში გუშინ ჩავიდა და პირადად მიუსამძიმრა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს.

რეგიონის ორი ლიდერის პირისპირ საუბარი პრეზიდენტის სასახლეში საათი და 20 წუთი გაგრძელდა. შეხვედრა დახურული იყო და საუბრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ გაკეთებულა.

მოგვიანებით საქართველოს პრემიერმა ტვიტერზე დაწერა, რომ თბილისი შემდგომი დახმარებისთვისაც მზად არის და თურქეთის პრეზიდენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით კი, შეხვედრაზე თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები და რეგიონული საკითხებიც განიხილეს.