პრემიერ-მინისტრი უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს თამარ ლილუაშვილს შეხვდა

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს თამარ ლილუაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

პრემიერმა თამარ ლილუაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, თამარ ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. ასევე სხვადასხვა დროს იყო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მრჩეველი, ასევე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი; იყო ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი SCIS-ის პროგრამების კოორდინატორი, შემდეგ კი დირექტორი (ატლანტა, აშშ.) ასევე იყო საზოგადოებრივ საქმეთა და სამთავრობო ურთიერთობების საკონსულტაციო ფირმა The Edison Group–ის კონსულტანტი. (ატლანტა აშშ);