პრემიერ-მინისტრი იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებს და არსებულ საჭიროებებს გაეცნო

ირაკლი კობახიზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებს და არსებულ გამოწვევებს გაეცნო.

საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა გზების გაწმენდითი სამუშაოებისა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

რეგიონში გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა დარჩენილია მაღალი ზონის რამდენიმე სოფელი, სადაც შესვლა

ჯერ ისევ ვერ ხერხდება. ამ მიზნით შტაბის სხდომაზე რეგიონში დამატებითი სპეცტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღინიშნა, რომ გზების გაწმენდისთანავე დაიწყება ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები იმ აბონენტებისთვის, რომლებსაც ამ ეტაპზე დიდთოვლობის გამო კომუნალური სერვისები არ მიეწოდებათ.

ყველაზე მეტი აბონენტი გათიშულია სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტებში. აღინიშნა, რომ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად 6 ათასამდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დღის ბოლომდე რეგიონში კიდევ ამდენივე აბონენტი ჩაირთვება. ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება ვანის მუნიციპალიტეტის ელექტრომომარაგების აღდგენაზე, სადაც ელექტროენერგია 6 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება.

რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. პროცესში აქტიურად არიან ჩართული თავდაცვის ძალები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

„იმერეთში შტაბი მობილიზებულია, 5 მუნიციპალიტეტში არის შედარებით რთული ვითარება. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია. ზოგადად, საკმაოდ ბევრია სოფლების რაოდენობა, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება და სამაშველო სამსახური. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ბევრ აბონენტს აღუდგა ელექტომომარაგება. რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ვითარება საათობრივად უმჯობესდება. ვფიქრობთ, 2-3 დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.