პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეეჩერებინა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას - საგარეო უწყება

sagareo

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში ვიზიტზე უარი თქვეს.

„დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს გავრცელდა ელჩ დანიგანის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვია. თუმცა, ქართულმა მხარემ ამ მოწვევაზე უარი თქვა.