1738924285
პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა იყოს ნიურნბერგის პროცესის მსგავსი, რომელმაც სამართლებრივად დაასრულა ფაშისტური რეჟიმი გერმანიაში - გურამ მაჭარაშვილი დროებით საგამოძიებო კომისიაზე
![გურამ მაჭარაშვილი გურამ მაჭარაშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2024/06/04/89210/guram-macharashvili_w_h.jpeg)
"ეს პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა იყოს მსგავსი ნიურნბერგის პროცესის, რომელმაც სამართლებრივად დაასრულა ფაშისტური რეჟიმი გერმანიაში," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხს გამოეხმაურა.
საუბარია კომისიაზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს თანამდებობის პირთა საქმიანობა უნდა შეისწავლოს და დასკვნა პროკურატურას გადაუგზავნოს.
გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, "კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში"
"ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესი იქნება, ერთის მხრივ, მტკიცებულებების გამომზეურება, რაც ისედაც უკვე არსებობს და, მეორეს მხრივ, ბუნებრივად, სხვა მტკიცებულებების დამატება, იმისთვის, რომ ასეთი ორგანიზაცია, როგორიც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არ უნდა არსებობდეს. ეს პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა იყოს მსგავსი ნიურნბერგის პროცესის, რომელმაც სამართლებრივად დაასრულა ფაშისტური რეჟიმი გერმანიაში და გაასამართლა. ასევე, იქნება აუცილებლად, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის" შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა. ხუთი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან," ორი "ხალხის ძალიდან," ერთი "ევროპელი სოციალისტებიდან" და ორი ადგილი მათთვის, ვისაც ფრაქცია არ აქვს - სწორედ ასე განისაზღვრა დროებითი საგამოძიებო კომისიის კვოტები.