პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე: ჩემი აზრით, პრემიერმა ჩამოართვა ბრიუსელს უფლება - საქართველოსთვის დღის წესრიგი განესაზღვრა - ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევის, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“

რევაზ კარანაძე

ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევის, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ, რომელმაც თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებზე ილაპარაკა. კერძოდ, მან ორი წლის წინ, 2024 წლის დეკემბერ-იანვარში საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისივე თქმით, რომ არა პრემიერ-მინისტრის მაშინდელი განცხადება, საქართველოს დღის წესრიგს ბრიუსელი განუსაზღვრავდა.

„ჩემი აზრით, პრემიერმა ეს უფლება ჩამოართვა ბრიუსელს. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევის, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“ ბრიუსელს. ბრიუსელი თავიდან ბოლომდე იყო განწყობილი საქართველოში ქართველი ხალხის არჩევანის ნების არაღიარებაზე. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს ასე იყო და მათ გააკეთეს ეს ყველაფერი, რომ შავზე თქვეს, თეთრი არისო. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ უკვე ვიცით, თუნდაც ფერადი რევოლუციებისთვის USAID-დან შემოსული დაფინანსებები რამდენი იყო საქართველოში და ის სცენარი, რომელიც აქ ვითარდებოდა და საითაც მიდიოდა, ყველაფერი აქეთკენ წავიდოდა. ბრიუსელს ექნებოდა არამხოლოდ კონკრეტული კონტრრევოლუციური სცენარის განვითარების საშუალება მაშინ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც შეძლებდა ეკარნახა ჩვენთვის, რა უნდა გაგვეკეთებინა. შესაძლოა ჩვენ ეს გაგვეკეთებინა, მერე არ ჩაგვითვლიდნენ და თუ რაიმე არ მოეწონებოდათ, აქ ისევ შექმნიდნენ ისეთ სცენარს, რომ სულ მცირე დესტაბილიზაცია მოეტანათ“, - განაცხადა კარანაძემ.

✕