პირველი ტყუილი ბაჩიაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ისაა, რომ ამგვარ კრედიტზე მიმართავს. ფინანსისტია და იცის, რომ ამგვარი ბიზნესიდეის დაფინანსებას არც ერთი საფინანსო ინსტიტუტი არ მოახდენდა - თეიმურაზ წიქვაძე

თეიმურაზ წიქვაძე

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შემდეგ, გერმანელი ექსპერტის დასკვნამაც დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ წარდგენილი აუდიო ჩანაწერი მონტაჟია. საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე აუდიო და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

„ექსპერტი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რაიმე ზემოქმედების კვალი ამ აუდიოჩანაწერზე არ მოიპოვება. ანუ არ არის გადამჭრელი ექსპერტის განმარტებები. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება. პირიქით უთითებს, საპირისპიროც კი დასტურდება, რომ რამდენიმე მონაკვეთში აშკარად ზემოქმედების კვალი ჩანს. ასევე, ექსპერტმა პირდაპირ მიუთითა, რომ შეუძლებელია იმის დადასტურება თუ როდის არის ეს აუდიო ჩანაწერი განხორციელებული. ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა რამდენი რესპონდენტია ამ აუდიო ჩანაწერში. განსხვავებით გერმანული დასკვნისგან, ქართული ე.წ. დასკვნა, რომელიც გულისხმობს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, კატეგორიულია და პირდაპირ მიუთითებს, რომ უამრავ ადგილას მონტაჟის კვალი ფიქსირდება. რას ადასტურებს ეს აუდიო ჩანაწერი იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოდგენილი აქვს ბატონ ბაჩიაშვილს? ეს ადასტურებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას. იმას, რომ ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული, არავინ არ აპირებს მისთვის ამ კრედიტის მიცემას. იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უდასტურებს მას და არ აძლევს არანაირ თანხმობას და დაპირებას კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით. პირველი და არსებითი ტყუილი ბატონო ბაჩიაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, სწორედ ის არის, რომ ამგვარი კრედიტის გაცემაზე საერთოდ მიმართავს მას. მაშინ როდესაც ის არის ფინანსისტი და ძალიან კარგად იცის და ეს დასტურდება მისი საჯარო გამოსვლებითაც, რომ ამგვარი ბიზნეს იდეის დაფინანსებას არც ერთი საფინანსო ინსტიტუტი არ მოახდენდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ.