პირველად ჩვენ ვამხელდით ამ ყველაფერს, ახლა აშშ-შიც არის ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ. ისევ ვინარჩუნებთ სტრატეგიულ მოთმინებას და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დირექტორი "დიფ სტეიტის" გეგმებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ტულსი გაბარდი ამბობს, რომ "დიფ სთეითის" წარმომადგენლებმა შტატების ინსტიტუტების და დაზვერვის პოლიტიზება მოახდინეს და სახელმწიფო სტრუქტურები მოქალაქეების წინააღმდეგ საკუთარ იარაღად აქციეს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "დიფ სთეითის" მიზნებზე საქართველო პირველი ალაპარაკდა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით არსებული სიჩუმე კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ამ საკითხებზე ჩვენც, ჩვენი გუნდის წევრები, არაერთხელ ვაკეთებდით აქცენტს და ვამხელდით იმ გლობალურ ძალებს, რომელთა ინტერესი არის სხვა ქვეყნების პირდაპირ ინტერესების ნგრევა, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რათა გაიზარდოს მათი გავლენები და ჩვენ ამ ქვეყანაში მართული აგენტურის ქილიკი გვახსოვს.

დამატებითი საკითხი არის, რაც იწვევს ჩვენში, ყველაზე რბილი შეფასებით, გაკვირვებას, როდესაც გლობალური ძალების გავლენებზე სხვადასხვა, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში ჩარევის მცდელობებზე ჩვენი გუნდის წევრები ვსაუბრობდით. პირველად ჩვენ ვამხელდით ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იგივე განცხადება არის ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით არავითარი განცხადებები არ კეთდება. ჩვენ ისევ და ისევ ვინარჩუნებთ სტრატეგიულ მოთმინებას და გავაგრძელებთ "დიფ სთეითის" წინააღმდეგ ბრძოლას.

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველას, რომელთა სურვილიც არის, რომ აღნიშნული ძალები დამარცხდნენ, მაგრამ ამ ძალების დამარცხებაზე საუბარიც კი ზედმეტია თუ არ შეწყდება ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ დასჯის მცდელობები", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.