პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე - შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე

პაპუაშვილი

ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ შორის, ჩვენი უცხოელი ზოგიერთი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას. გავიდა ორ წელიწად-ნახევარი და პირდაპირ რეზოლუციაში გაეპარათ, თუ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე. პირდაპირ ამას ითხოვს ეს რეზოლუცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რეზოლუციას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან, ამიტომ, ეს მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიციაა.


„ხანდახან უნდათ, მათ შორის ცდილობენ უცხოელი პარტნიორებიც, ხანდახან საელჩოები, რომ დააკნინონ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა იმით, რომ ევროპარლამენტია, იქ დეპუტატები არიან და ა.შ. ამას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ პარლამენტში, იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიცია არის და ამიტომ ამ მხრივაც არის მძიმე, რომ ეს რეზოლუციაში აღმოჩნდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, მასთან პირადად და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ, რომ სანქციები დაეწესებინა საქართველოს რუსეთისთვის, თუმცა დაცვის გარანტიებს არ იძლეოდნენ.

„ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით, არადა ამაზე საუბარი დაიწყო ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს. როდესაც ჩემთან პირადად შეხვედრაზე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ არჩევას ბნელ და ნათელ მხარეებს შორის, ანუ სანქციასა და არასანქციას შორის, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის.

მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ერთი წელი ალბათ, ყველა შეხვედრა საგარეო ვიზიტებში სულ ამაზე გვიწევდა მსჯელობა და ახსნა, რომ აი საქართველო აი რუსეთი, ჩვენ ვერ დავაკლებთ ვერაფერს, სამაგიეროდ ჩვენ დაცული არ ვართ, თქვენ ნატოს წევრი ხართ, ატომური ბომბები გაქვთ, ჩვენ ბომბები არც ატომური და არც არაატომური არ გვაქვს საერთოდ, თქვენ ევროკავშირის წევრი ხართ და ერთმანეთს ფულით ეხმარებით - ჩვენ წყალობას თუ გადმოგვიგდებს ვინმე უცხოეთიდან ამ შემთხვევაში. ვეკითხებოდით - დაგვიცავთ? იომებთ? ფულს მოგვცემთ თუ ჩამოიშალა? და არაფერზე გარანტიას, რა თქმა უნდა, არავინ არ გვაძლევდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას, გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას.

„ეს იყო ყველაზე გულდამწყვეტი, რომ ეს საუბრები მიდიოდა შიგნით, ხედავდი რამხელა წნეხი იყო და ხედავდი გარეთ, როგორ მუშაობდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას და გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას და შეგახსენებთ ომის დაწყებიდან 2-3 დღე იყო გასული მე მგონი, აქციები რუსთაველზე, სადაც ოპოზიცია, ენჯეობი, სახალხო დამცველი, მაშინდელი, ქალბატონი ნინო ლომჯარია იდგნენ და რას ითხოვდნენ? ითხოვდნენ გაგვეგზავნა სამხედროები, ანუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილიყო მთავრობის მიერ ორგანიზებულად ჯგუფი და თვითმფრინავი და CNN-ზე, BBC-ზე, „რია ნოვოსწიში“, თუ ა.შ. გასულიყო ინფორმაცია, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც ახლა ჩაფრინდება უკრაინაში და იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს რა არის თუ არა ომში ჩართვა?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.