„პია კაუმას ვიზიტი გადაიდო მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა, რომელსაც არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ აქვს, მასთან სასაუბროდ მზაობა არ გამოთქვა“ - ვლადიმერ ბოჟაძე

vladimer bojadze

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

შეფასებების საგანია იმ ფრაგმენტი, სადაც პია კაუმა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე საუბრობს. მაშინ როდესაც მას ჰკითხეს იმ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოში ვიზიტი აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხელის შეწყობა, პია კაუმამ ფინეთის მაგალითზე თქვა, რომ გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა.

ლადო ბოჟაძის შეფასებით, ლეგიტიმურობასთან მიმართებაში საუბარი არარელევანტურია, რაც პია კაუმას სიტყვებმაც დაადასტურა.

"ნებისმიერი მცდელობა ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, ლეგიტიმურობასთან მიმართებაში არარელევანტურია. ამაზე ისაუბრა, მათ შორის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც. ასე რომ, ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც შეიძლება შედგეს ქვეყანაში ან არ შედგეს, არანაირად არ უკავშირდება ხელისუფლების ლეგიტიმაციას. დღეს უნდა შემდგარიყო აღნიშნული ვიზიტი და გადაიდო მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, რომელიც მუდმივად საუბრობდა არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე და არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს, არ გამოთქვეს მზაობა ამ თემებზე ესაუბრათ ქალბატონ პრეზიდენტთან. რატომ?! - იმიტომ, რომ 2 თვეზე მეტია გასული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და ვერც ოპოზიციამ და ვერც სამოქალაქო სექტორმა კონკრეტული მტკიცებულებები არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე ვერ წარმოადგინა, იმიტომ, რომ ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს. ეს გახდა სწორედ ვიზიტის გადადების მიზეზი და არა ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის ვიზიტი რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან," - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტი გადადო, ვრცელი განმარტება გააკეთა. "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ფინეთის პარლამენტის წევრი პია კაუმა გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. ამბობს, რომ სამი ოპოზიციური პარტიიდან მიიღო წერილი და მან მიიჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ამ ეტაპზე მზაობა დიალოგის. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ დაგეგმილი და შემდეგ გადადებული ვიზიტი ხელს შეუწყობდა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, პია კაუმა განმარტავს, რომ ეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატი არ არის. "ჩვენ ასე არ ვიქცევი", - აცხადებს პია კაუმა და საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ამბობს რომ მნიშვნელოვანია, გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. "ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას", - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.