პარტია „ხალხისთვის“ გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია - ანა დოლიძე

ანა დოლიძე

ანა დოლიძე არჩევნებში მონაწილეობას გაუმართლებლად მიიჩნევს, თუმცა ორი დღის წინ პარტიაში თქვეს, რომ "გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და 50/50-ზეა".

პარტია „ხალხისთვის“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

დოლიძის თქმით, სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა იყოს მიზანი, რაზეც კონცენტრირდებიან.

„დღეს ქვეყანაში შექმნილია საკმაოდ სერიოზული ვითარება. მთავარ საკითხზე, რომელზეც გაქვთ ინტერესი, არის, მიიღებს თუ არა პარტია „ხალხისთვის“ და მე, ანა დოლიძე მომავალ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას, რასაც „ქართული ოცნება“ ეძახის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მინდა, პურველ რიგში, აქედან მოვიკითხო პოლიტპატიმრები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან და მედგრად დგანან. იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის. პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, შექმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ნორმალურად ჩაატარა არჩევნები. ამის პარალელურად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის, რაც არის ადგილობრივი არჩევნები, არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენ წინაშე არ არის რაიმე მსგავსება შეჯიბრებითობის პირობებისა ადგილობრივ არჩევნებზე. აქეთა მხარეს ვართ გულწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ხალხი, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩაგვრა, რეპრესია, სასამართლო კლანი, რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს და რომელზეც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ პირობებში გამართლებულად არ მგონია საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა მსხვერპლშეწირვაზე.

ამავე დროს, პარტია „ხალხისთვის“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ ვუერთდებით ბოიკოტს. ქვეყანაში არსებული აპათიური განწყობის პირობებში მიგვაჩნია, რომ არასწორია დროის, რესურსის დახარჯვა, იარო სოფელ სოფელ, ქალაქ ქალაქ და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთო. ხალხმა, როგორც ყოველთვის, ისედაც ძალიან კარგად იცის, სად არის სამართალი და სად – უსამართლობა. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა ავცდეთ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ევროპაში გაწევრიანება და ამისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა იყოს მიზანი, რაზეც ჩვენ ვკონცენტრირდებით. 20 წელია, ამ ქვეყანაში ვებრძვი უსამართლობას. ძალიან ბევრჯერ, იმ ვითარებაში, როდესაც ერთ მხარეს ვიყავით ძალიან ცოტანი, ვინც შეიძლება, დაეშინებინათ ან წნეხი განეხორციელებინათ, ჩვენ წინ იდგა უსაფრთხოების სამსახურები, სასამართლო კლანი, ვერც ბიძინა ივანიშვილის, ვერც მიხეილ სააკაშვილის საცეცებმა ვერასდროს ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინეს ჩემს გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, თავიდან ბოლომდე მოახმარენ ძალებს იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული პერსონალურად.

„4 ოქტომბრამდე ჩვენ წინაშე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების შრომის, უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის, დასვენების უფლება ჩვენს პარტნიორ სივრცეში, ჩვენს სამომავლო სახლში, ევროკავშირში. უვიზო მიმოსვლა ჩვენია და ის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენ თავიდან ბოლომდე მოვახმართ ჩვენს ძალებს, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული პერსონალურად იმ კორუმპირებული, ძალაუფლების თრობაში შესული პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს დროებით მმართველობას“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.