პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" არ არის გამორჩეული დემოკრატიის სტანდარტით, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის ნაკლებად რელევანტურია - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

გერმანიის ხელისუფლება თავს იკავებს იმ ენჯეოების დასახელებისგან, რომლებსაც საქართველოში აფინანსებს - მერცის მთავრობა მთავარი ოპონენტის დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციების სახელების გამჟღავნება მნიშვნელოვან რისკს უქმნის მათ შემდგომ ფუნქციონირებას, თუმცა ასაჯაროებს ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მოცულობას. საუბარია 2 560 000 ევროზე, რომლიდანაც ყველაზე მსხვილი თანხა ენჯეოებმა გასულ წელს მიიღეს. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" მთავრობას 9 კითხვით 21 ოქტომბერს მიმართა და დაინტერესდა, ვის, რატომ და რა მიზნით აფინანსებს საქართველოში.

გერმანიის მთავრობა ერთი მხრივ ადასტურებს, რომ ქართული ენჯეოების დაფინანსების წყაროა, მეორეს მხრივ თავს არიდებს დეტალებზე საუბარს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული პარტია დემოკრატიის სტანდარტით არ გამოირჩევა.

"პარტია, რომელიც თქვენ ახსენეთ, არ არის გამორჩეული დემოკრატიის სტანდარტით. მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის ნაკლებად რელევანტურია. არსებობს სხვადასხვა სახის დაშვება, პირველი არის ის, რომ რიგი საკითხები არის კონფიდენციალური, როდესაც სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა ხდება", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე .