პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

parlamenti

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა.

მომხსენებელმა იმ ძირითად რეფორმებსა და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება 6-დან 11 თვემდე სხვადასხვა ქვედანაყოფებისთვის და უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება.

ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც.

სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა.

„კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა წარადგინა ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი - თავდაცვის კოდექსის პროექტი. მისი თქმით, თუ წარმოდგენილ პროექტს აიღებენ საფუძვლად, სისტემაში რეალურად მოხდება ცვლილებები.

საბოლოოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შედეგად, საკანონმდებლო პაკეტის განხილვას საფუძვლად დაედება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.