პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

ვახტანგ ბაჩიაშვილი

პარლამენტმა „ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, 81 ხმით მიიღო.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, კოდექსის ორ მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა, განსაზღვროს სტრატეგიულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა.

პროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ გასული წლის ოქტომბერში მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა სტრატეგიული ობიექტების ნუსხა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარდგინებით, ნუსხა მოიცავს ყველა სახელმწიფო დაწესებულებას, რომელთა ფუნქციონირება მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვისთვის.