4 ნიშანი, რომ ადამიანს „დედის ტრავმა“ აქვს - ფსიქოლოგების დასკვნა
1743617026
პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
პროექტის თანახმად, კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა კანონპროექტის წარდგენისას აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან ამ კანონის მიღებით სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი ბრუნდება.
„გუშინ იყო 31 მარტი, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, ამავე დროს უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგებიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ პარალელს იმიტომ ვავლებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მიიღო“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ეს მუხლი საკანონმდებლო ჩარჩოდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წელს გააქრო, რასაც მაშინ ტექნიკური საკითხი უწოდა.
„ის, რაც მათთვის ტექნიკური საკითხია, ჩვენთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არის. ამ მუხლის დაბრუნებით საკანონმდებლო ბაზაში, სისხლის სამართლის კოდექსში, ჩვენ, ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს დავიცავთ უცხოური საფრთხეებისგან, ვინაიდან, სამშობლოს ღალატის დროს ზიანი ადგება საზოგადოებას, სახელმწიფოს, სამშობლოსა და თაობებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.