1739875914
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 87 ხმით, მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს და თანმდევ კანონპროექტებს.
„კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის საჯარო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის ფუნქციების გადაცემას“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
მისივე თქმით, დღესდღეობით აღნიშნულ უფლებამოსილებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს, თუმცა, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს ჩამოერთვა ცალკეული ფუნქციები, მათ შორის, თანამდებობის პირების დეკლარირების ფუნქცია, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს გადაეცა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბიუროს ლიკვიდაციის საკითხი.
კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ბიუროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება.
საკანონმდებლო პაკეტში 11 კანონპროექტია.
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით იხილავს.