1743498910
პარლამენტმა სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებასთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 3071 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.ინიციატორების განმარტებით, 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ „სისხლის სამართლის კოდექსიდან“ სახელმწიფო ღალატის მუხლი ამოიღო.