პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს

პარლამენტის შენობა

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკითხს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა. მიღებული გადაწყვეტილებით, აკრძალვა სოციალურ რეკლამებსაც შეეხება.

კერძოდ, კანონს მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება დაუშვებელი იქნება.
კანონით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.

ასევე აკრძალული იქნება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

დაკონკრეტებულია, რომ კანონის მიზნებისთვის „უცხოურ ძალად“ მიიჩნევა – უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის; იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცი ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.