პარლამენტი დღეს განიხილავს კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიებისთვის საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

 პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიებისთვის საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ აიკრძალება იმ პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

მმართველი პარტია კანონპროექტის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოკლე ვადებში შეძლოს გადაწყვეტილების მიღება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემურად და სისტემატურად ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს ასევე ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის, იყოს აკრძალული და მასთან აიკრძალოს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წარმოიშვა“, - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე.