1792582790
პარადოქსული და აბსურდულია საქართველოს კონტექსტის შედარება ისეთ დემოკრატიულ ქვეყანასთან, როგორიც საფრანგეთია - გიორგი შარაშიძე
ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ. კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა. სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს. ფრანგული კანონპროექტის მიხედვით, დამრღვევს შესაძლოა, 3 ან 6 წლამდე პატიმრობა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები საკუთარ კანონმდებლობას ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დასაცავად აძლიერებენ, რაც საქართველოს კონტექსტისგან განსხვავდება.
"საფრანგეთი და ევროპული ქვეყნები მიხედავენ თავის თავს. პარადოქსული და აბსურდულია საქართველოს კონტექსტის შედარება ისეთი დემოკრატიული ქვეყნების კონტექსტთან, როგორიც არის, მაგალითად, საფრანგეთი. სულ რომ ჩვენი კანონმდებლობა გადაწეროს ახლა საფრანგეთმა, მათ აქვთ მიზანი საკუთარ ქვეყნებში მართლაც რომ დემოკრატიის გაძლიერების და მართლაც რომ სუვერენიტეტის დაცვის", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.











