1762805268
„PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო“ - ნინო წილოსანი
„PACE-ის წარმომადგენლობა საქართველოშია და ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ის ფაქტი, რომ ისინი ამ ჯაშუშებს ხვდებიან, უკვე ამ დელეგაციის მინუსად შემიძლია ჩავთვალო. ესენი არ არიან ოპოზიცია, რადგან გავიდნენ ყველანაირი დემოკრატიული პროცესიდან. ვის ხვდებიან – ოპოზიციას, რომელიც მიიჩნევს, რომ არა არჩევნების გზით უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არამედ რევოლუციის გზით?“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დელეგაციას აუცილებლად მოსთხოვენ 4 ოქტომბრის მოვლენების შეფასებას.
„ანუ, ამ ადამიანებს მიიჩნევენ საპირწონედ, რომ დაელაპარაკონ. ვის თვლიან საპირწონედ – "ენჯეოებს", რომელთაც არაფერი აკავშირებთ ქართულ საზოგადოებასთან, რომლებიც ხელოვნურად შექმნილი მახინჯი წარმონაქმნები არიან და ამდენი წლის განმავლობაში ასრულებდნენ მხოლოდ იმ დამფინანსებლების დაკვეთებს, ავრცელებდნენ იმ იდეოლოგიასა და დეზინფორმაციას, რომელიც მათი პატრონებიდან მოდიოდა. რომელიმე ნამდვილად იმსახურებს, რომ სერიოზულმა დელეგაციამ შეხვედრით ლეგიტიმაცია მიანიჭოს?
მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ ობიექტურად, სამართლიანად და მკაცრად წარმოვადგენთ ქვეყნის ინტერესებს ყველა პლატფორმაზე და სწორედ ეს არის ჩვენი მისამართით თავდასხმების მიზეზი. შეხვედრაზე აუცილებლად განვუმარტავთ კიდევ ერთხელ, რატომ იყო სამარცხვინო და უსამართლო ის რეზოლუცია, რომელიც PACE-მ მიიღო და აუცილებლად იქნება განმარტებული, თუ რატომ იქნა ქართული დელეგაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ორგანიზაციაში მუშაობა შეეჩერებინათ. უპირველეს ყოვლისა, დაისმება კითხვა - როგორ შეფასებას მისცემენ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას, რომელიც ასეთი თვალსაჩინო იყო“, – აცხადებს ნინო წილოსანი.










