პაატა სალია: ვინაიდან გამჭვირვალობის კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა, ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია ჯარიმების მიღება, ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ უფრო მკაცრი კანონი მივიღოთ

პაატა სალია

ვინაიდან კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა და ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია ჯარიმების მიღება, ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ უფრო მკაცრი კანონი მივიღოთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ „ფარას“ ანალოგ კანონთან დაკავშირებით.

„როცა ხდება ამერიკაში დაფინანსება მედიასაშუალებების, სხვადასხვა პირების იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის ორგანიზაციების, წარმომადგენლების ინტერესები გატარდეს, ეს ამერიკაში აღრიცხულია და ანალოგიურად ჩვენთანაც არსებობს ამის აუცილებლობა, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან მომდინარე თანხები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ვინაიდან კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა და ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია ჯარიმების მიღება, ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ უფრო მკაცრი კანონი მივიღოთ“, - აღნიშნა სალიამ.

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია, პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილება.