პაატა სალია: დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ეს არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს არის სიმბოლო თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ჩვენი სუვერენიტეტის, რომელიც გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მუდმივი, სუვერენიტეტს ყოველთვის სჭირდება განმტკიცება

პაატა სალია

დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ეს არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს არის სიმბოლო თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ჩვენი სუვერენიტეტის, რომელიც გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მუდმივი, რადგან საფრთხეები ყოველთვის არსებობს. სუვერენიტეტს ყოველთვის სჭირდება განმტკიცება, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქმნის სახელმწიფოს, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეზე, უსმენს მოქალაქეს და ქმნის შესაძლებლობებს.

„ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა. ვუსურვებ ეცხოვროთ დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და კეთილდღეობით სავსე საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ შევქმნათ ისეთი პირობები, რომ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდეს ამაყად საქართველოში, ჰქონდეს ისეთი შესაძლებლობები, რომ ჰქონდეს საუკეთესო ცხოვრება. დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ეს არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს არის სიმბოლო თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ჩვენი სუვერენიტეტის, რომელიც 1918 წლის 26 მაისს მოვიპოვეთ და შემდგომ უკვე 1991 წელს, 9 აპრილს მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს არის ისტორიის ნაწილი, თუმცა ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, რომელიც გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მუდმივი, იმიტომ, რომ საფრთხეები ყოველთვის არსებობს და სუვერენიტეტს ყოველთვის სჭირდება განმტკიცება. ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეზე, უსმენს მოქალაქეს და ქმნის შესაძლებლობებს. ეს არის ჩვენი ამოცანა, მთავარი მიზანი და იმედი გვაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო მნიშვნელოვან ნახტომს განახორციელებს ამ მიმართულებით და ეს იქნება ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო", - განაცხადა სალიამ.

სალიამ აღნიშნა ისიც, რომ 1918 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებისას საქართველომ შექმნა ერთ-ერთი მოწინავე კონსტიტუცია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და სწორედ ევროპული ყაიდის სახელმწიფოს შექმნა დაიწყო საქართველომ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული კონსტიტუციები, დაფუძნებული ის ღირებულებები, რაც მაშინ გათვალისწინებული იყო საქართველოს მაშინდელ კონსტიტუციაში.

მან ასევე ისაუბრა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებზე, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში მართავს.

„დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში გამართავს. ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა რეგიონი თანაბრად მნიშვნელოვანია. იუსტიციის სამინისტრო არის სერვისების ყველაზე დიდი მიმწოდებელი სამინისტრო ჩვენს სახელმწიფოში, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ ვიხილავთ, როგორც კულტურულ ღონისძიებებს, ასევე იქნება სტენდები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გაეცნოს იმ ინოვაციებს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ნერგავს. ასევე, მიიღონ ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომელსაც გასცემს იუსტიციის სამინისტრო. წარმოდგენილი იქნება მობილური იუსტიციის სახლები, რომელიც განკუთვნილია რთულად მისადგომი რეგიონებისთვის. საღამოს გვექნება კონცერტი, რომელზეც არაერთი პოპულარული მომღერალი იქნება წარმოდგენილი. ასევე, სიმბოლურად იქნება პასპორტების დაბეჭდვა, ჩვენ ამას ყოველწლიურად ვახორციელებთ სხვადასხვა რეგიონში და არაერთი სხვა ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი და ვფიქრობ, ზუგდიდელებს ძალიან გავახარებთ დღეს",- აღნიშნა სალიამ.