პაატა მანჯგალაძე: არ ვიცი, 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები რა მიმართულებით გადაადგილდებიან, თუმცა ვიცი, რომ მსვლელობა იქნება მშვიდობიანი, ჩვენ ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად წინ და არა უკან

პაატა მანჯგალაძე

არ ვიცი, 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები რა მიმართულებით გადაადგილდებიან, ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა ვიცი, რომ მსვლელობა იქნება მშვიდობიანი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი უნდა იყოს ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი ფაზა.

„საუბარია ათობით ათასი საქართველოს მოქალაქის გამოსვლაზე, ორგანიზატორები ეროვნულ ყრილობას ეძახიან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, ჩვენ ამ აქციას მხარს ვუჭერთ. აქციაზე ადამიანები იტყვიან, რომ რეჟიმი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მე არ ვიცი, აქციის მონაწილეები რა მიმართულებით გადაადგილდებიან, ეს იქნება პარლამენტი, კანცელარია თუ სხვა ადგილი, თუმცა ვიცი, რომ ეს იქნება მშვიდობიანი მსვლელობა. პაატა ბურჭულაძე „რუსთაველის მოძრაობასთან“ ერთად ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 4 ოქტომბერი უნდა იყოს ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი ფაზა, როდესაც საქართველოს ათობით ათასი, შეიძლება ასი ათასი მოქალაქეც იტყვის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. რეჟიმმა არჩევნების სახით ფარსი პროცესი დაგეგმა, ხალხმა კი დაგეგმა ეროვნული ყრილობა, რეალური ხალხის ძალის ჩვენების სახით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა არჩევნების დღეს პიკეტირება, მანჯგალაძემ აღნიშნა:

„შეიძლება უამრავი ვერსია არსებობდეს, მაგრამ გარწმუნებთ, მაგ დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლების წყარო, მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ჩვენ ვაპირებთ, აღვასრულოთ ხალხის ნება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ქართველ ხალხთან ერთად იქნება. არავინ აპირებს გაქცევას და დამალვას, ჩვენ ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად – წინ და არა უკან“.