პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის ვიდეოზე: ყველა იქ იყო მისული და იქ ჯობდა, მივსულიყავი. იქ რომ არ ვყოფილიყავი, არც ვიქნებოდი მაგ ვიდეოში

პაატა მანჯგალაძე

4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა პაატა მანჯგალაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე 4 ოქტომბრის იმ ვიდეოს შესახებ ისაუბრა, სადაც ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის კომიტეტის წევრები აქციის შესახებ მსჯელობენ და თავს ორგანიზატორებს უწოდებენ.

მანჯგალაძის თქმით, ამ ვიდეოში შემთხვევით მოხვდა.

„მაგ დღეს ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, ყველა იქ იყო მისული და იქ ჯობდა, მივსულიყავი. იქ რომ არ ვყოფილიყავი, არც ვიქნებოდი მაგ ვიდეოში, თავიდან იყო ლაპარაკი სურათის გადაღებაზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორთა ნაწილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.