1746023044
ოთხი შვილის მამა, რომელიც 2011 წლის 26 მაისის პერიოდში იყო დაპატიმრებული მიყვებოდა, ყოველდღე მცემდნენ გლდანის საპყრობილეში, ეს ჩვეულებრივი რიტუალი იყო, უბრალოდ, ადრე მიწუხდებოდა გული და მერე თავი დამანებეს იმიტომ, რომ ძირითადად სავარჯიშოდ შემოდიოდნენო - გიორგი აბდალაძე

ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის 26 მაისის დარბევის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 26 მაისს დაკავებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა, მას უამბო, რომ გლდანის ციხეში ყოველდღე ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე, თუმცა, ვინაიდან, მას გული მალევე მისდიოდა, თავს მალევე ანებებდნენ, რადგან ძირითადად სავარჯიშოდ შედიოდნენ.
"მე გლდანში შემხვდა ადამიანი, რომელიც იყო ოთხი შვილის მამა, რომელიც 26 მაისის პერიოდში იყო დაპატიმრებული. ის მიყვებოდა, ყოველდღე მცემდნენ გლდანის საპყრობილეში, ეს ჩვეულებრივი რიტუალი იყო, არც არავის გაჰკვირვებია ეს ამბავი, უბრალოდ, ადრე მიწუხდებოდა გული და მერე თავი დამანებესო, იმიტომ, რომ ძირითადად შემოდიოდნენ სავარჯიშოდ, ეს ხდებოდა, უმეტეს შემთხვევაში პარასკევ დღეს. შაბათ-კვირას თუ რაიმე სილურჯე გამოუვიდოდა ადამიანს, ჩასვამდნენ კარცერში, [იტყოდნენ] დაარღვია შინაგანაწესი და სანამ არ მოუშუშდებოდა ეს სიშავე და სილურჯე, მანამდე არ აძლევდნენ ან ოჯახის წევრის, ან ადვოკატის ნახვის უფლებას." - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.