ორი ნიშანია, რის გამოც პრორუსულ პოლიტიკას გვაბრალებენ, ეკონომიკურ ბრძოლაში არ შევდივართ და სამხედრო დაპირისპირებაზე უარი ვთქვით, რათა საქართველო ნგრევისგან გადაგვერჩინა - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ორი ნიშანია, რის გამოც პრორუსულ პოლიტიკას გვაბრალებენ, ეკონომიკურ ბრძოლაში არ შევდივართ და სამხედრო დაპირისპირებაზე უარი ვთქვით, რათა საქართველო ნგრევისგან გადაგვერჩინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი სპეკულაციებისთვის მთავარ თემად გამოიყენება.

რუსეთი მთავარი თემაა, რომელიც სპეკულაციისთვის გამოიყენება. ბევრმა ამის თაობაზე იცის, მაგრამ ადამიანებს „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული უშველებელი პროპაგანდისტული რესურსი ასეთ დეზინფორმაციას აწვდის. ორი ნიშანია, რის გამოც პრორუსულ პოლიტიკას გვაბრალებენ – ეკონომიკურ ბრძოლაში არ შევდივართ და სამხედრო დაპირისპირებაზე უარი ვთქვით, რათა საქართველო ნგრევისგან გადაგვერჩინა. ამის სხვა არანაირი ნიშანი არ არსებობს.

ბრალდება იყო, თითქოს, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით გვერდს უვლის სანქციებს, რაც არათუ არ დადასტურდა, არამედ ის დადასტურდა, რომ ეს არის უნამუსო ტყუილი, რაც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის უნდა გამოყენებულიყო. მამუკა ხაზარაძეს არაფერი დარჩა სათქმელი და გუშინ თქვა, რომ საქართველო „სამს პლუს სამი“ ფორმატისკენ მიემართება. ეს აბსურდია, რადგან ასეთი ფორმატი ვერ შედგა და უახლოეს მომავალში კი არა, ძალიან შორეულ პერიოდშიც ვერ შედგება, რაც არის რეალობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ახალგაზრდებს მივმართავ – გატყუებენ, როგორც ევროინტეგრაციის პროცესზე, ასევე რუსულ თემასთან დაკავშირებით. ერთადერთი მიზანია, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს და ხელისუფლებაში ის ადამიანები მოვიდნენ, ვინც ყველაფერზე ხელს მოაწერენ – ნგრევაზეც და თუნდაც საქართველოს ანტიევროპულ გზაზე, თუ ეს რომელიმე ხელმძღვანელს სჭირდება არა საქართველოდან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.