ორბანი: შვედეთის პრემიერი ბრალს მდებდა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოვადგენდი. მან ინსტრუქციები ვაშინგტონიდან მიიღო

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ შვედეთის მთავრობის თავმჯდომარე ულფ კრისტერსონი, რომელმაც ის საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასების გამო გააკრიტიკა, ვაშინგტონიდან იღებს ინსტრუქციებს.

„შვედეთის პრემიერ-მინისტრი ბრალს მდებდა მე იმაში, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოვადგენდი. ნათელია, რომ მან ეს ინსტრუქციები ვაშინგტონიდან მიიღო. რა სამწუხაროა...“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ორბანის განცხადებას კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ, შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით.

ამის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს.