ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე იმსჯელეს რამდენიმე საკითხზე - მათ შორის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს საერთაშორისო მიმართულებით და როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები.

ცნობილია, რომ შეხვედრა დღესაც გაიმართება და მასში მონაწილეობას ანალიტიკოსებიც მიიღებენ.

"ერთ-ერთი საკითხია ის, რომ როცა დადგება მომენტი და ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე, რაც დაგვემართა 26 ოქტომბერს, რომ ეს არჩევნები მართლა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ერთ-ერთი სამუშაო საკითხი იყო ეს, სადაც ის ვერსიები განვიხილეთ, რომლებიც მანამდეც იყო განხილული. არსებობს რამდენიმე სამუშაო ვერსია, მათ შორის, გაწერილი დოკუმენტის და დღეს საღამოს იქნება სამუშაო შეხვედრა, სადაც ამ რაღაცებს გაივლიან. მიზანია, რომ ყველანი ერთად შევთანხმდეთ ერთიან ხედვაზე, თუ გამოვა, თუ არადა, არსებობს ორი და სამი ვერსია, მე ამაშიც ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას," - აცხადებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზება, რა მიმართულებითაც ოპოზიცია უკვე მუშაობს.

"მნიშვნელოვანია ძალოვანი უწყებების კომპონენტი იმისთვის, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, მათი დეპოლიტიზირება და ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომელმაც ნორმალური არჩევნების ჩატარების გარანტია უნდა მოგვცეს. ახლა, პირველ რიგში, ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ძალოვანი უწყებები, ასევე, საჯარო სამსახური, სადაც, ერთი მხრივ, ყველა მოძალადის გამოკვლევასა და მათი რეესტრის გაკეთებაზე აქტიურად ვიმუშავებთ და ვმუშაობთ კიდეც," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეხვედრას სამი ბარიერგადალახული პარტია ესწრებოდა - მათ შორის არ იყვნენ გიორგი გახარიას გუნდის წევრები. პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მათი პარტია აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობს, შეხვედრაზე მათი არ ყოფნა კი იმ ინციდენტს უკავშირდება, რომელიც გიორგი გახარიას გასულ ღამით, ბათუმის "შერატონში" შეემთხვა.

"თუ ამ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა ახალი ადმინისტრაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საერთოდ აზრს კარგავს არჩევნების მნიშვნელობა, რადგან არჩევნები არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიის ისევ ამუშავებას. ამიტომ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება არის ჩვენი თვითმიზანი.

დღეს იმიტომ არ ვიყავით ამ შეხვედრაზე, რადგან ეს შემთხვევა მოხდა. ჩვენ ამ შეხვედრაზე გუშინაც ვიყავით წარმოდგენილი და ამ ფორმატში ვმონაწილეობთ," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.