ოპოზიციას სერიოზულ დახმარებას უწევენ, ქუხს და გრგვინავს ბრიუსელის ბიუროკრატია, წარმატების მცირე შანსი არსებობს მათთვის, ვინც საქართველოში დესტაბილიზაციის მომხრეა - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ნუ ვიტყვით, რომ ოპოზიციას რესურსი არ აქვს. სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს – ქუხს და გრგვინავს ბრიუსელის გარკვეული ოფიციოზი თუ ბიუროკრატია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, წარმატების ძალიან მცირე შანსი არსებობს მათთვის, ვინც საქართველოში დესტაბილიზაციის მომხრეა.

„ოპოზიციას სერიოზულ დახმარებას უწევენ, მაგრამ რესურსზე როცა ვლაპარაკობთ, ოპოზიციურ ფლანგზე ეს შეჯიბრებაა ნგრევის რესურსის არსებობაში, ვინ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისთვის. ერთმანეთს ეჯიბრებიან, მსოფლიოში არსებული პრობლემების ფონზე, საქართველოში ვის მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია და ევრობიუროკრატიისგან სერიოზული მხარდაჭერა მოდის. ეს მათი რესურსია, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, ვინაიდან ამაში საფრთხეს ხედავენ. სტაბილურობას, რომელსაც მივაღწიეთ, გარკვეული განვითარება, პროგრესი მოსდევს, რომელიც ყველა საერთაშორისო კვლევაშია დაფიქსირებული. არავინ ამბობს, რომ პრობლემები გადავლახეთ. პრობლემები არსებობს, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების მიხედვით, საქართველო პირველ ათეულშია. ზოგს ეს უხარია, ზოგს ისტერიკაში აგდებს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, წარმატების ძალიან მცირე შანსი არსებობს მათთვის, ვინც დესტაბილიზაციისა და საქართველოს ცეცხლოვან პროცესებში ჩართვის მომხრეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.