ოპოზიციას დიალოგის პროცესი აღიზიანებს, არ სურთ დაშვება, რომ ევროპული მხარის ინიციატივით შესაძლებელია, ქმედებები კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ფიგურაა და საქართველოში მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული პროცესი აღიზიანებს.

„მათი დღის წესრიგი სავსეა დესტრუქციითა და ძალადობით. მათ მსჯელობის დონეზეც კი არ სურთ იმის დაშვება, რომ ევროპული მხარის ინიციატივით შესაძლებელია, საკუთარი ქმედებები კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პასაჟს, რაც გენმდივანმა ბრძანა, თუნდაც, გამჭვირვალობის კანონთან მიმართებით. ეს მართლაც ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული ევროპელი თანამდებობის პირი მზაობას აცხადებს, რომ კანონთან მიმართებით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით იყოს მხარეთა შორის მსჯელობა, აზრთა გაცვლა. ეს კარგი ნიადაგი და პლატფორმაა, რათა საზოგადოებამ, თუ ვინმეს სადმე რაიმე სახით კითხვის ნიშანი გააჩნია კანონთან დაკავშირებით, უფრო მეტად მიიღოს ინფორმაცია იმ ჭრილში, სადაც ევროპული მხარეც იქნება წარმოდგენილი ამ დიალოგში. სწორედ ამას ვითხოვდით. ვერ ვიღებდით და ვერც ახლა ვიღებთ ყოველგვარი გააზრების, არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე რაიმე სახელით რომელიმე კანონის მონათვლას ან ამ კანონის პირდაპირ გაცხადებას, რომ ის რაიმეს აზიანებს, თუნდაც, ევროპულ ღირებულებებს. ევროპული მხარისგან მზაობა თუ იქნება და ამ კანონზე ვიმსჯელებთ, ბუნებრივია, რელევანტურები ვიქნებით ამ არგუმენტების მიმართ და შესაბამისს პასუხს გავცემთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.