1750577424
"ოპოზიცია ცდილობს მანიპულაციებით შექმნას ისეთი მოცემულობა, ტყუილი, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ხდება პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნა" - დავით მათიკაშვილი

"რადიკალური ოპოზიცია ცდილობს მანიპულაციებით შექმნას ისეთი მოცემულობა, ტყუილი, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ხდება პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნა," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
"კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას. ეს არის ძალიან კარგად ცნობილი თითოეული მათგანისთვის. ასე, რომ, ისევე, როგორც ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, საქართველოშიც მოხდება ძალიან ადეკვატური მიდგომა ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს და უარს იტყვის საკონსტიტუციო ორგანოს მიერ მისთვის მიცემული დავალების შესრულებაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ხვალ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, საქალაქო სასამართლოში იმსჯელებენ. სხდომაზე, 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე, განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ზურაბ ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სხდომას არ დაესწრებიან. ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, ამის გამო კი ის 22 მაისს, სხდომათა დარბაზში დააკავეს. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მათ 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რაც ორივე ოპოზიციონერმა გადაიხადა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.