ოპოზიცია რომ ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდა, ალენ ბერსეს ვიზიტის დაწყებისას ჩანდა, სამწუხაროდ არ გაგვიკვირდება, თუ მას შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ოპოზიციის სტრატეგიაა, ყველანაირი შესაძლებლობა და გზა დახურონ დიალოგისკენ, რათა მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლების თუ არჩევნების დელიგიტამაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტის დაწყებისას ჩანდა, რომ ოპოზიცია ამ პროცესის მიმართ დესტრუქციას მოაწყობდა.

„მოლოდინი და სურვილი გვქონდა, საქართველოში ევროპის საბჭოს მდივნის ვიზიტი ხელს შეუწყობდა, რომ ქვეყანაში პროცესები ჯანსაღ გარემოში დაბრუნებულიყო. ეს იმედი ჯერ მართლდება, თუმცა ეს პროცესის დასასრული არ არის. მისი ვიზიტით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, რომ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს და პროცესი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდეს. ამ თვალსაზრისით მხარი დავუჭირეთ მის სურვილს, დიალოგი დაწყებულიყო. მზად ვართ, რომ ეს დიალოგი ამავე შემართებით გავაგრძელოთ. ოპოზიციის სტრატეგიაა, რომ ყველანაირი შესაძლებლობა და გზა დახურონ დიალოგისკენ, რათა მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლების თუ არჩევნების დელიგიტამაცია და შეიზღუდოს ყველანაირი საერთაშორისო კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ისინი გაწბილებული არიან. ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდა, ამ ვიზიტის დაწყებისას ჩანდა. სამწუხაროდ არ გაგვიკვირდება, თუ ამ ადამიანს უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.