ოპოზიცია ქუჩებში დესტრუქციულ ქმედებებს აანონსებს, მაგრამ ვაკვირდებით, რომ მათი რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია, არ მგონია, დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება მოახერხონ - მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ოპოზიცია ხვალ ქუჩებში დესტრუქციულ ქმედებებს აანონსებს, მაგრამ ვაკვირდებით, რომ მათი რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია, არ მგონია, დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება მოახერხონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციებზე ადამიანების რაოდენობა მცირდება, რადგან გულწრფელმა მომიტინგეებმა დაინახეს, რომ რადიკალების ძალიან დიდი ჯგუფი იქ არა მშვიდობიანი პროტესტისთვის არის მისული, არამედ, სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

„ხვალ ახალი წესით ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ, შემდეგ იქნება ინაუგურაცია 29 დეკემბერს და შესაბამისად, ახალ წელს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გარეშე შევხვდებით. როგორც ოპოზიცია აანონსებს, ისინი აპირებენ ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ ვაკვირდებით, რომ მათი რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია. იმ აქციებზეც, რაც ორ კვირაზე მეტია გრძელდება, ადამიანების რაოდენობა მცირდება. მცირდება იმ გულწრფელი მომიტინგეების ხარჯზე, რადგან მათ ისეთი პროცესები დაინახეს, რომელიც პირდაპირ თვალსაჩინოა, რომ აქციაში მონაწილე რადიკალების ძალიან დიდი ჯგუფი მისულია არა მშვიდობიანი პროტესტისთვის, არამედ იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ. და ის ადამიანები, რომლებსაც გულწრფელი პროტესტის დაფიქსირება სურთ, ნელ-ნელა ემიჯნებიან ამ პროცესს, შესაბამისად, ხვალაც, არ მგონია, დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება მოახერხონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.