1692302192
ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას, რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას უდანაშაულო ახალგაზრდები - გიორგი ვაშაძე

ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას. რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან საბოლოო განშორებისთვის გაუშვას უდანაშაულო ახალგაზრდები, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.
„ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის.
თუმცა დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.
ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის. ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია. მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას“, – ნათქვამია ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.