1732386875
ოლივერ ვარჰეის გზავნილები არის დამაიმედებელი, რომ შესაძლოა, უფრო მარტივად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამას რადიკალური ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა - კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და მისი გზავნილები პოზიტიური იყო.
როგორც კობახიძე ამბობს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვარჰეის დამაიმედებელ გზავნილებს რადიკალური ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა.
კობახიძის თქმით, ეს ფაქტორი აჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„პირველ რიგში, ოლივერ ვარჰეი არის ევროკომისარი, რომელიც თავიდან პასუხისმგებელი იყო სამეზობლო პოლიტიკაზე, შემდეგ მისი მანდატი გაფართოვდა და გაფართოებაზე არის პასუხისმგებელი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ზუსტად ის მანდატი, რომელიც შედის ამ ევროკომისრის ფუნქციებში. აქედან გამომდინარე, მით უმეტეს ახალი მანდატის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ოლივერ ვარჰეის ვიზიტს, პოზიტიურ გზავნილებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. კანდიდატის სტატუსის მიღება თუ გვინდა, პირველ რიგში, უნდა ვუსმინოთ გაფართოების საკითხებში ევროკომისარს. ის ჩამოვიდა დადებითი, პოზიტიური გზავნილებით და ნახეთ, როგორი გაღიზიანება მოჰყვა მის დადებით გზავნილებს. ოლივერ ვარჰეის გზავნილები არის დამაიმედებელი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შეიძლება, უფრო მარტივად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამ ყველაფერს მოჰყვა გაღიზიანება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მათ ვერ დამალეს, რომ ერთადერთი მიზანი აქვთ, საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“, – განაცხადა კობახიძემ.