ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაცია უკონტროლოა, აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ - რა ხდება ახლა

ოკუპირებული აფხაზეთში სიტუაცია უკონტროლოა

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

მანამდე აქციის მონაწილეებმა კომპრომისზე წასვლაზე უარი განაცხადეს და დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს.

ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის დელეგაცია ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ერთად ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბრუნდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი ქმედება რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართული არ არის.

„დღეს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ არა ჩვენს მოკავშირეებთან დასაპირისპირებლად, არამედ აფხაზეთის ეროვნული ინტერესების, მისი ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის დასაცავად, რომლის უზურპაციას ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრამდე შენობასთან სროლა იყო.

ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან განვითარებული მოვლენების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, დღეს, 15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხის განხილვა. ამ ხმაურიანი საკითხის დღის წესრიგში შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.

აქციის მონაწილეები სოხუმისა და მოსკოვის საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მიტინგს ხალხი ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან უერთდება. ხალხმა ალყაში მოაქცია ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი.