ნინო წილოსანის ინიციატივით, ფორუმი - „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“ გაიმართა

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის ორგანიზებითა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისში, ფორუმი - „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“ გაიმართა, - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ფორუმში მონაწილეობენ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ადამიანები 64-ვე მუნიციპალიტეტიდან. ღონისძიების მიზანია გავაძლიეროთ კოორდინირებული თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან და ერთმანეთს გავუზიაროთ პრაქტიკული ინფორმაცია, რომ უფრო სრულყოფილი გავხადოთ ქალთა და ბავშვთა საკითხების მიმართულებით როგორც სოციალური პაკეტები, ისე პოლიტიკა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა კომისიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

„კომისიის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა უფლებების გაძლიერება ციფრულ სამყაროში, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე დაყვანა. მეორე პრიორიტეტული მიმართულებაა ქალთა პოლიტიკური გაძლიერება, რაც პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტი ქალის ჩართვას გულისხმობს, ხოლო მესამე პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახის გაძლიერება, რაც დემოგრაფიულ განვითარებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო პაკეტების დახვეწასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

ფორუმის ფარგლებში ქალთა მხარდაჭერისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტებში არსებული პროგრამები განიხილეს. საჯარო ფინანსების მართვის ექსპერტმა შორენა კახიძემ ჩაატარა ტრენინგი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში ქალთა და ბავშვთა საკითხების გათვალისწინების თაობაზე. ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობით ჩატარდა ჯგუფური სამუშაო, სადაც ადგილობრივ გამოწვევებზე, მათი მოგვარების გზებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი საქართველოში ბავშვთა უფლებებზე, სადაც აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტების ჩართულობით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.