ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ „იმედში“ შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი დღეს ამ მოძალადეების მხარეს არის გადასული

ნინო წილოსანი

 სამწუხაროა, რომ „იმედში“ შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი დღეს ამ მოძალადეების მხარეს არის გადასული, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, მათთვის დღევანდელი საგამოძიებო კომისიის სხდომა, რომელიც იმედის დარბევასაც დაეთმობა, საინტერესო უნდა იყოს.

„საგამოძიებო კომისიის ამ სხდომაზე უკეთ დეტალურად მოვისმენთ როგორ განვითარდა პროცესები. რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, არის ის, რომ „იმედში“ შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი დღეს სამწუხაროდ ამ მოძალადეების მხარეს არის გადასული. ვფიქრობ მათთვის კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს გაიხსენონ და აღიდგინონ ყველა ის მძიმე წუთი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „იმედში“ შევარდნის დროს განიცადეს იქ მყოფმა და არა მხოლოდ მყოფმა იქ მყოფმა ადამიანებმა“, - აცხადებს წილოსანი.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტებს განიხილავენ.