„ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, დეტალების დაწერის მართლა მეშინია, მაგრამ... გადავრჩი, დავბრუნდი“ - ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას უზიარებს.

„დავბრუნდი სახლში. ის სუპერ ოპერაცია ვერ გამიკეთეს. ამიტომ პალატიდან ვერ მოგწერეთ, როგორც შეგპირდით. მაპატიეთ.

ხუთი ოპერაცია დამჭირდა გართულებების გამო. აზროვნება მიჭირდა და სიცოცხლის მეშინოდა. ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. დეტალების დაწერის მართლა მეშინია, ვერ გიზიარებთ  სრულად გაქრა მაშინ ჩემი ოპტიმიზმი. თითქოს გამტეხა იმ ტანჯვამ და დაუსრულებელმა საოპერაციო სივრცემ და პალატამ. მთელი თვე მხოლოდ ცას ვუყურებდი საწოლიდან და გამოსამშვიდობებელ ტექსტებზე ვფიქრობდი ასე იყო მთელი ივლისი. მერე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. მაგრამ…

ეს ჩვენს ხელში არაა! ჩაგხედავს თვალებში შვილი, ძალაგამოცლილ ხელს ჩაიხუტებს პატარა ძმის შვილი, გაგიბრაზდება ძმა, მოგეფერება მისი ცოლი, ხელებდაკაპიწებული ჩამოფრინდება და ნიუ-იორკიდან დასახმარებლად, სიურპრიზად თავზე დაგადგებიან საუკეთესო დაქალები, უამრავი ადამიანი მოგიკითხავს და სიყვარულს გამოგიგზავნის და… რა მოხდება? ბედნიერებისგან აცრემლებული თვალები და სადღაც მიჩქმალული იმედი ისევ ამოანათებს. და მუხლების კანკალით, მაგრამ მაინც გადადგამ პირველ ნაბიჯებს. თავიდან ისწავლი სიარულს. გეტკინება და მაინც გაიღიმებ ან კარგად შეიგინებ და განაგრძობ ბრძოლას!

გადავრჩი, დავბრუნდი და ვაგრძელებ ქიმიოთერაპიას. თქვენი ყველას გულშემატკივრობით, გამოგზავნილი ენერგიით და სიყვარულით გაძლიერებული ვუბრუნდები ბრძოლას, ამ ომს, რომელიც გახანგრძლივდა, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით! არ ვარ მე მარტო და ამიტომ ვიმარჯვებ“, - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.