1745047645
ნინო წილოსანი: საბჭოთა პერიოდის კვლევას რატომ აფინანსებს საფრანგეთის საელჩო, ჩემთვის ეს უცნობია. არ ვიცი რამდენად კარგად არის შესწავლილი, თუნდაც ფაშიზმის საკითხები საფრანგეთში, რომ საქართველოში გადმოინაცვლეს სხვადასხვა თემით

საბჭოთა პერიოდის კვლევას რატომ აფინანსებს საფრანგეთის საელჩო, ჩემთვის ეს უცნობია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საფრანგეთის საელჩოს მიერ კანდელაკის ენჯეოს დაფინანსებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ალბათ ლეგიტიმური კითხვაა, რა კრიტერიუმებით ირჩევა ხოლმე გრანტის მიმღები ორგანიზაციები თუ სუბიექტები.
„რატომღაც არავის გაგვიკვირდება, როდესაც გადავავლებთ თვალს, მათ შორის ამ შემთხვევაშიც, რომ ეს დაფინანსება და გრანტები ნაც აქტივისტებს, რადიკალ აქტივისტებს, ძალადობრივი აქციების მომწყობებს და ა.შ. ადამიანებს, თუ ორგანიზაციებს უკავშირდებათ. ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, საფრანგეთიდან წამოსული გრანტიც სწორედ ასეთ ორგანიზაციას შეხვდა. ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული გიორგი კანდელაკი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, პირდაპირ შეგვიძლია დავაიდენტიფიციროთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როგორც ადამიანები, ვინც მაგალითად, კანდელაკის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მუშაობს საქართველოს გაშავებაზე და საქართველოს წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემუშავებაზე. მათ შორის, ნებისმიერი მათი აქტივისტი თუ მკვლევარი, რომელსაც ამ ორგანიზაციაში მოიძიებთ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ან აქტივისტი, ან ამ ძალადობრივი აქციების მონაწილე, ორგანიზატორი. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გრანტები და ამ შემთხვევაშიც, დიდ წილად ახალისებს ამ ადამიანების საქმიანობას.
როდესაც ერთი მხრივ ხარ მოძალადე აქტივისტი და მონაწილეობ იმ პროცესებში, რომელსაც ჩვენ წლებია უკვე თვალს ვადევნებთ, ხოლო მეორე მხრივ რომელიღაც ქვეყნის საელჩო რატომღაც მუდმივად გახალისებს ფინანსურად და გაძლევს გრანტს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება პირდაპირ კავშირად იყოს დანახული ან აღქმული. ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა პერიოდის კვლევას რატომ აფინანსებს საფრანგეთის საელჩო, ჩემთვის ეს უცნობია. ალბათ თავისი კონკრეტული მიზანი აქვს ამ კვლევასაც. არ ვიცი რამდენად კარგად არის შესწავლილი, თუნდაც ფაშიზმის საკითხები საფრანგეთში და რამდენად არის აღნიშნული საკითხი სრულად ამოწურული, რომ საქართველოში გადმოინაცვლეს სხვადასხვა თემით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სამწუხაროდ, ვერ აღმოაჩენთ ვერცერთ ასეთ გრანტის მიმღებს, რომელიც არ არის პარტიულად და პოლიტიკურად ანგაჟირებული. მათ შორის, არ გამოირჩევა იმ რადიკალიზმით, რომელიც ყველაზე დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, საფრანგეთის საელჩოს უკავშირდება ასევე ყველაზე რადიკალი აქტივისტის, ბაია პატარაიას მხარდაჭერაც.
ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩომ „გრანტების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება კანდელაკის ენჯეოს გადასცა.