1769527071
ნინო წილოსანი: ჩვენი ხელისუფლება არის გამორჩეულად ბიზნესის ინტერესების დამცველი, თუმცა რა წამსაც გამოიკვეთება, რომ ფასწარმოების ჯაჭვში არის არაკეთილსინდისიერებისა და კანონის დარღვევის პრეცედენტები, გვექნება შესაბამისი რეაგირება
საპარლამენტო კომისია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი კომისიისგან განსხვავებით, იქნება სრულად ღია და ეს საჯაროობა პარლამენტის ერთ-ერთი წინაპირობაა და ამით განსხვავებული პროცესი შეიქმნება, - განაცხადა ნინო წილოსანმა ფასების შემცირებაზე მომუშავე საპარლამენტო კომისიაზე საუბრისას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე კომისია ბევრ იდეასა და შეთავაზებას მიიღებს საზოგადოების მხრიდან, რაც აუცილებლად უნდა გაჟღერდეს ამ პლატფორმაზე.
„ეს იქნება ძალიან საინტერესო და ჯანსაღი პროცესი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მიადევნებს თვალყურს. რაც ზუსტად ვიცი, ეს არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სწორი თამაშის წესებს აწებეს, თუმცა ეს არ არის მარტო 1 მიმართულება, რომელზეც საპარლამენტო კომისია იმუშავებს. რა თქმა უნდა, ალბათ ვიმსჯელებთ საკანონმდებლო რეგულაციებზეც, რაც აუცილებელია და რაც ევროკავშირისა და განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ხდება, თუმცა ამის გარდა ეს პროცესი დაგვანახებს, თუ როგორია ფასწარმოქმნა, იმპორტის საზღვარზე შემოსვლიდან დახლამდე ფასის ფორმირების პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილე ყველა აქტორი და მათი გამოკითხვა მოგვცემს საშუალებას დავასკვნათ, სად არის ჩავარდნა და აქვს თუ არა ადგილი არაკეთილსინდისიერ კომერციულ საქმიანობას. ყველგან დავაფიქსირებ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის გამორჩეულად ბიზნესის ინტერესების დამცველი. ჩვენს დროს ბიზნესი არის თავისუფალი, როგორც არასდროს, ამიტომ ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ ისახავს კეთილსინდისიერი და ჯანსაღი ბიზნესის საქმიანობის ხელის შეშლას ან მასში რაიმე ფორმით ჩარევას. თუმცა რა წამსაც გამოიკვეთება, რომ ამ ჯაჭვში არის არაკეთილსინდისიერებისა და კანონის დარღვევის პრეცედენტები, რა თქმა უნდა გვექნება ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა წილოსანმა.
სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისიაც. მიზანი ამ შემთხვევაშიც პროდუქტზე ფასების კლებაა. კომისია შეიმუშავებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც ბაზარზე ჯანსაღ ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.












