ნინო წილოსანი - ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი

ნინო წილოსანი

,,2023 წელს,  დიდი კრიტიკის და საქართველოს გაძლიერების მოწინააღმდეგეთა შემოტევის ფონზე, ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული თანამშრომლობა. ზუსტად 3 წლის თავზე, 2026 წელს, ეს ურთიერთობა ავიყვანეთ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ნინო წილოსანის განცხადებით, თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად იზრდება ეკონომიკური კავშირების მაჩვენებლებიც. ამასთან, უვიზო მიმოსვლის და პირდაპირი ფრენების ამოქმედებამ, ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ნაკადის ზრდას შეუწყო ხელი, რომლის წლიური რაოდენობა 120-140 ათასამდე გაიზარდა.

ნინო წილოსანმა ყურადღება გამახვილა საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც. როგორც  მან აღინიშნა, მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე ქვეყნის მზადყოფნა, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და განსაზღვრონ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

„ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს უწოდა ჩინეთის საიმედო მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ევრაზიის რეგიონში. მან ასევე აღნიშნა, რომ პეკინი მზადაა, გააღრმაოს პოლიტიკური ნდობა და საქართველოსთან ერთად იმუშაოს „შუა დერეფნის“  განვითარებაზე. ამასთან, განაცხადა, რომ ჩინეთი წაახალისებს მსხვილ ჩინურ კომპანიებს, მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოს ეკონომიკაში და მიესალმება მეტი ქართული პროდუქციის შესვლას ჩინურ ბაზარზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

✕