წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773166388
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, გამართულ შეხვედრებზე მათ გაიმეორეს, რომ გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ეუთო-ს დელეგაციის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები მაღალ დონეზე.
„გუშინ დაიწყო ეს ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით, შემდეგ შეხვდნენ ყველა ოპოზიციურ პარტიას და იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, შეხვდნენ სახალხო დამცველს, პრეზიდენტს და დღეს დასრულდა ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით. დიალოგის ნაკლებობა რომ არის საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ამას ეუთო-ს დელეგაციის ჩამოსვლა არ სჭირდება. ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა კარგად ვხედავთ ამ ამბავს, თუმცა ამ დიალოგის ნაკლებობას აქვს ერთი მთავარი მიზეზი. ეს მიზეზი არის ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, შესაბამისად, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ისინი არ შემოდიან პარლამენტში და შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გვქონდეს მათთან პოლიტიკური დიალოგი. ეს ყველაფერი ჩვენ დელეგაციას ძალიან კარგად ავუხსენით, თუმცა ჩვენი ახსნის გარეშეც კარგად იყვნენ ინფორმირებული ამ ყველაფრის თაობაზე, რადგან ეს იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც დადო დასკვნა 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ უბრალოდ გავცვალეთ მოსაზრებები. ეს მისია არ ჩამოსულა აქ, რომ ვინმესთვის რაიმე რეკომენდაცია გაეცა ან რაიმე შეფასებები გაეკეთებინა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, დიალოგი ნებისმიერი ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის არის მნიშვნელოვანი. „დიალოგი არის ჯანსაღი პროცესი, რომ ოპონენტი პარტიები, პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, ისინი ამავდროულად უნდა იყვნენ ერთმანეთთან დიალოგში, ამისთვის არის შექმნილი პარლამენტი ზოგადად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. თუმცა საქართველოში გვაქვს ანომალიური მდგომარეობა, როდესაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ შემოდის პარლამენტში და არ სურს იმ მანდატების დაკავება, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ქმნის სწორედ ამ პრობლემებს, რომელიც არის დაკავშირებული პოლიტიკურ დიალოგთან. ჩვენ ეს ყველაფერი ავუხსენით ეუთო-ს დელეგაციას და ძალიან კარგად გაიგეს მათ ყველაფერი. ერთი რამ ნათელია, რომ ეს ორგანიზაცია იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე. ამ შეხვედრების განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე მათ გაიმეორეს, რომ ისინი გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას. რაც შეეხება კრიტიკას, წინასწარ ვერ გეტყვით ანგარიშში რას დაწერენ, შეიძლება, იყოს კრიტიკა, შექებაც, ამიტომ დაველოდოთ, როდის იქნება ეს ანგარიში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.