ნიკოლოზ სამხარაძე დასავლელ ლიდერებზე: მას შემდეგ, რაც მათი მითითებები უარვყავით, დაიწყეს NGO-ების საფარქვეშ ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. მცირერიცხოვანი, მაგრამ სასტიკი ჯგუფები მოუწოდებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ

ნიკოლოზ სამხარაძე

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკები, დიპლომატები და მთავრობები მოუწოდებდნენ საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა და ამით კონფლიქტის ესკალაცია ეკონომიკური სფეროდან პოლიტიკურ და სამხედრო სარტყელში გადაეტანა, რა დროსაც მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას კი არ შეექმნებოდა საფრთხე, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც. გვექნებოდა სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხეები, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბაქოში აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მათი მითითებები უარვყავით, მათ დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობის საფარქვეშ მოქმედი ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. მცირერიცხოვანი, მაგრამ სასტიკი ჯგუფები მოუწოდებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ, პირდაპირ ეთერში სამთავრობო შენობების შტურმს ახორციელებდნენ და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ნება მომეცით, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ბაქოში სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრის დროს ჩვენი დელეგაციის თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. აღნიშნული პლატფორმა გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ჩვენი მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისა და მრავალ საკითხზე აზრთა გაცვლისთვის, რომელიც, როგორც ჩვენს, ასევე საერთო ინტერესს წარმოადგენს და კარგი შესაძლებლობაა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განვითარებისთვის.

თანამედროვე გლობალური ლანდშაფტი ხასიათდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებითა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევით.

მსხვილი სახელმწიფოები, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს განსაკუთრებით მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოებისთვის. ამის ფონზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩებიან, ხოლო იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, ბავშვების ჩათვლით, საოკუპაციო ძალების მკაცრი პოლიტიკის წინაშეა. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავენ. გარდა ამისა, საოკუპაციო ძალები რეგულარულად აკავებენ, აწამებენ და კლავენ კიდევაც შეუიარაღებელ მშვიდობიან ქართველ ადამიანებს.

მსგავსი არასტაბილური ვითარება უფრო მძიმდება მეზობელ რეგიონებში შეიარაღებული კონფლიქტების ზრდით, ისეთით, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, მოვლენები ირანში და მთელ ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამ, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად, საქართველო რჩება ყველა უთანხმოების დიპლომატიური გზით მოგვარების ერთგული.

სამწუხაროდ, ზოგმა სახელმწიფომ და ორგანიზაციამ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იყვნენ საქართველოს ერთგული პარტნიორები და მეგობრები და ჩვენც მათ ასეთად მივიჩნევდით, აჩვენა იმედგამაცრუებელი მიდგომები, რომლებიც მეგობრობისა და კონსტრუქციული პარტნიორობის სულისკვეთებას არ პასუხოდა.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკები, დიპლომატები და მთავრობები მოუწოდებდნენ საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა და ამით კონფლიქტის ესკალაცია ეკონომიკური სფეროდან პოლიტიკურ და სამხედრო სარტყელში გადაეტანა, რა დროსაც მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას კი არ შეექმნებოდა საფრთხე, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც. გვექნებოდა სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხეები.

მას შემდეგ, რაც მათი მითითებები უარვყავით, მათ დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობის საფარქვეშ მოქმედი ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. მცირერიცხოვანი, მაგრამ სასტიკი ჯგუფები მოუწოდებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ, პირდაპირ ეთერში სამთავრობო შენობების შტურმს ახორციელებდნენ და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ.

ამასთან ერთად, იგივე უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა არა მხოლოდ თავი შეიკავეს აღნიშნული საზარელი ძალადობის დაგმობისაგან, ზოგ შემთხვევაში, ისინი ახალისებდნენ ამას. ზოგი მათგანი დემონსტრაციებშიც მონაწილეობდა და ამით საქართველოს შიდა საქმეებში ერეოდა.

თუმცა, ერთადერთი, რასაც მიადგა ზიანი ამ ისტორიის ინიციატორებისა და არქიტექტორების მეოხებით, არის არა სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა, არამედ მათი რეპუტაცია, რადგან როგორც საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, ქართველ ხალხში ისინი უკვე აღარ სარგებლობენ მაღალი პატივისცემით.

გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა მთავრობას, რომელმაც კონსტრუქციული გზა აირჩია და მნიშვნელოვანი წნეხის მიუხედავად საქართველოსთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას არ ერიდებოდა. ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ამ ქვეყნების რიცხვშია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ეფუძნება რეალურ ვალდებულებებსა და ურთიერთპატივისცემას და არა ფუჭ სიტყვებსა და დარღვეულ პირობებს.

ძვირფასო კოლეგებო, დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული მრავალწლიანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება უფრო გააუმჯობესებს ვითარებას და სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ხაზი გავუსვათ ჩვენი ქვეყნების სამმხრივ ურთიერთობას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში, სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების სფეროებში და აგრეთვე სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა პროექტებში. საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი აზიასა და ევროპას შორის მსხვილ სატრანზიტო კვანძებად იქცნენ. გაზის სამხრეთ კორიდორი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს და ევროპისთვის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის წყალობით სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფანი სამმხრივ თანამშრომლობას ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში აძლიერებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ამყარებს კავშირს ჩვენს რეგიონსა და დასავლეთს შორის.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მეტად აფართოებს სამმხრივ თანამშრომლობას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ახალი წყალქვეშა კაბელი შავ ზღვაში არის უნიკალური შესაძლებლობა, გარდაქმნას რეგიონი სტრატეგიულ ენერგეტიკულ ცენტრად და ამით გააუმჯობესოს შიდა ენერგეტიკული ბაზარი და ხელი შეუწყოს სუფთა ენერგიაზე გადასვლას და უპრეცედენტო კონტინენტთაშორის კავშირს.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის რესპუბლიკას, თურქეთის რესპუბლიკას მათი მტკიცე თანამშრომლობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის არაღიარების პოლიტიკის მეშვეობით, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით და სხვა საერთაშორისო პლატფორმებით. მომავალში ველი ჩვენს სამ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს პროგრესს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეებზე“, - თქვა სამხარაძემ.