ნიკოლოზ სამხარაძე - ბუდაპეშტში შესაძლებლობა გვქონდა, სხვადასხვა დელეგაციას გავსაუბრებოდით, მთავარი ამოცანა იყო, ყველასთვის გვეთქვა, რომ საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

ევროპელმა კოლეგებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის არსი და შეაფასონ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბუდაპეშტში, ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვადასხვა დელეგაციას გასაუბრებოდა.

„მთავარი ამოცანა იყო, რომ ყველასთვის გვეთქვა, რომ საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული, ჩვენ ევროკავშირში წევრობა გვსურს. ჩვენი მხრიდან არც სურვილები შეცვლილა და არც კონსტიტუციური ამოცანა. ჩვენ იმ განცხადების ერთგული ვრჩებით, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე გაკეთდა, რომ საქართველო 2030 წელს ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს იყო ჩვენი ძირითადი გზავნილი, მაგრამ საუბარი იყო იმაზე, რომ რიგ შემთხვევებში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომა და იმ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინება არ ხდება, რის წინაშეც საქართველო დგას. ოკუპაციას და რეგიონში მიმდინარე საკმაოდ რთულ პროცესებს ვგულისხმობ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველო არც ნატო-ს წევრია და არც უსაფრთხოების გარანტია აქვს.

„შესაბამისად, ევროპელმა კოლეგებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის არსი და შეაფასონ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას განცდა აქვს, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა და მყიფე უსაფრთხოება შეინარჩუნოს, რაც აქვს და განაგრძოს ეკონომიკური განვითარება, რათა ის რეფორმები გაატაროს, რაც ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა. თუ მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება, ვერც რეფორმები ვერ გატარდება. შეხვედრებზე რამე საწინააღმდეგო არ მომისმენია“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.