ნებისმიერი რამ, რაც მტრის წისქვილზე წყლის დასხმის საკითხს ხელს უწყობს, ვერ იქნება მისასალმებელი და მორალურად გამართლებული - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პლატფორმა „ფრი ბიზნესის“ დამფუძნებლის მხრიდან ფულის ყოველთვიურად შეგროვების მოწოდებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი რამ, რაც ტყუილს, დეზინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მტრის წისქვილზე წყლის დასხმის საკითხს ხელს უწყობს, ვერ იქნება მისასალმებელი და მორალურად გამართლებული.

„როდესაც საზოგადოებას, ფაქტობრივად, ატყუებენ და მცდელობა არის და სადღაც რაღაც ნაწილში უკვე რეალიზებული მცდელობა იმ კონკრეტულად 400-500 კაცთან მიმართებით, რომ მათი ეს აქტივობა და პროტესტი არის გამართლებული, ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა და საქართველომ სხვა ქვეყანაში გაიღვიძა არჩევნების მეორე დღეს და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე ნებისმიერი ასეთი რამ, რომელიც ამ ტყუილს, დეზინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მოდი ასე დავარქვათ, პირდაპირ მტრის წისქვილზე წყლის დასხმის საკითხს ხელს უწყობს, ბუნებრივია, ვერ იქნება მისასალმებელი და, ბუნებრივია, ვერ იქნება მორალურად გამართლებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პლატფორმა „ფრი ბიზნესის“ დამფუძნებელი ფულის ყოველთვიურად შეგროვების მოწოდებით გამოდის. ეს ის პლატფორმაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიქმნა.