ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იქნება სიღრმისეულად შესწავლილი - გივი მიქანაძე ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებზე

გივი მიქანაძე

"თითოეული ამ ფაქტის მოძიება, შესწავლა ხდება, და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე იქნება სათანადო რეაგირება," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იქნება სიღრმისეულად შესწავლილი.

"ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, არის მიუღებელი, დაუშვებელი და, რა თქმა უნდა, ვრჩებით კანონის პასუხისმგებლობის წინაშე. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს დაწყებული აქვთ თითოეულ ფაქტზე გამოძიება. თითოეული ამ ფაქტის მოძიება, შესწავლა ხდება, და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე იქნება სათანადო რეაგირება. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ არცერთი კონკრეტული ფაქტი, სადაც ძალადობის კომპონენტი იყო დაფიქსირებული, ყველაფერი იქნება გამოძიებული, შესწავლილი და კანონის ფარგლებში ყველაფერი იქნება სათანადოდ შეფასებული.

უმნიშვნელოვანესი არის, რომ თითოეული ფაქტი თავისი კონკრეტული დეტალებიდან გამომდინარე იყოს სიღრმისეულად შესწავლილი, მტკიცებულება იქნას მოპოვებული. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს გამოძიება, რომ კონკრეტული ინფორმაცია გაავრცელოს საზოგადოებაში. ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იქნება სიღრმისეულად შესწავლილი და ამ პროცესების მიმდინარეობაზე, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს პროცესები მიმდინარე არის. 4 დღეა შესაძლოა საზოგადოებისთვის არის ის კომპონენტი, რომ სწრაფად უნდათ ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს, მაგრამ საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ყველა იდენტიფიცირებული ადამიანის გამოკითხვა, შესაბამისი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მიღება, მოხდეს ყველა ჩანაწერის შესწავლა.

სამწუხაროდ, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ამ მიტინგებს ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი უწოდებს მშვიდობიან მიტინგს, თუმცა დიდი ხანია გასცდა მშვიდობიანი მიტინგის ფარგლებს და ყოველდღიურად თვალწინ გვაქვს ძალადობრივი მოქმედებები," - აღნიშნა გივი მიქანაძემ.