1734777043
ნებისმიერი ბანერი, დღევანდელ დღეს, მით უმეტეს, ნებისმიერი ვიდეოკადრი, ეს არის სწორედ კიდევ ერთხელ მხილება, კიდევ ერთხელ შეხსენება იმის, რა მოაქვს ომს - მარინე ლობჟანიძე
ნებისმიერი ბანერი, დღევანდელ დღეს, მით უმეტეს, ნებისმიერი ვიდეოკადრი, ეს არის სწორედ კიდევ ერთხელ მხილება, კიდევ ერთხელ შეხსენება იმის, რა მოაქვს ომს,- განუცხადა „ქრონიკას“ საზოგადოება „ქართულის" თანადამფუძნებელმა, მუსიკოსმა მარინე ლობჟანიძემ.
„ძალიან ბევრი საელჩო, სხვათა შორის, მათ შორის საქართველოში და მსოფლიოში, აზიარებდნენ იმ საშინელ ფოტოებს და ვიდეოებს, რაც მოხდა სირიაში. სირიელი ბავშვების თვალები, შიშით, ცრემლებით და უიმედობით სავსე თვალები, ეს იყო სწორედ პირველი მამხილებელი, რაც არის ომი, დღევანდელ დღეს მით უმეტეს. რატომ გახდა უკრაინაში მომხდარი საშინელება საქილიკო საგანი და ბრალდების პირდაპირი არგუმენტაცია, რომ ჩვენ ამით ცუდად ვაშუქებთ უკრაინის ომს, ჩემთვის პირადად გაუგებარია.
სიყვარული, მშვიდობა და სტუმართმოყვარეობა საქართველოს არ ეშლება. არც არასდროს შეშლია და არასოდეს შეეშლება. არ უნდა დაგვაბრალონ ის, რაც ნამდვილად ჩვენში არ არის“, - აღნიშნა მარინე ლობჟანიძე.
საზოგადოება „ქართულმა“ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართველ და უკრაინელ ხალხებს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, რომელსაც დიდი მოფრთხილება სჭირდება“.